Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
იმ დღეს, როდესაც გარდაიცვალა, კართან კონვერტი ვიპოვე მოკლე წარწერით:
„მადლობა, რომ მაგრძნობინეთ თავი საჭიროდ.“
მისი სახელი არასოდეს მცოდნია.
ხუთი წლის განმავლობაში ის უბრალოდ „მესამე სართულის ქალბატონი“ იყო,
თუმცა დაჟინებით მთხოვდა, მარტა დამეძახა.
ჩემს კარზე პირველად სამშაბათს, შუადღისას დააკაკუნა.
ახალი გადასული ვიყავი, ბინაში ყველგან მუყაოს ყუთები იდო.
– მაპატიეთ, ახალგაზრდავ,
– თქვა მან ჩუმი, ნაზი ხმით,
–ცოტა შაქარი ხომ არ გექნებათ?
გამითავდა, შვილიშვილისთვის ნამცხვარს ვაცხობ.
– რა თქმა უნდა, ერთი წუთით დამელოდეთ,
– ვუპასუხე.
ყუთები გადავქექე, სანამ შაქარს არ მივაგენი.
როცა დავბრუნდი, ხელებგადაჯვარედინებული იდგა და იღიმოდა.
– თქვენ ანგელოზი ხართ,
– მადლიერებით თქვა მან.
– ხვალ დაგიბრუნებთ, გპირდებით.
და მართლაც, მეორე დღეს დაბრუნდა.
ჭურჭელი სავსე იყო, შიგნით კი სამი ორცხობილა იდო,
საუზმის ქაღალდში გახვეული.
– ცოტა ზედმეტი გამომივიდა,
– ახსნა მან, თუმცა ორივემ ვიცოდით, რომ ეს სიმართლე არ იყო.
ასე დაიწყო ჩვენი პატარა ტრადიცია.
ორ კვირაში ერთხელ მარტა ჩემს კარზე აკაკუნებდა.
– რა სირცხვილია!
– ამბობდა ყოველთვის ღიმილით.
– ცოტა შაქარი ხომ არ გექნებათ? ისევ დამავიწყდა ყიდვა.
თავიდან მჯეროდა.
მაგრამ მეექვსე თუ მეშვიდე შემთხვევის შემდეგ შევნიშნე, რომ ყოველთვის სავსე ჭურჭელს მიბრუნებდა.
ერთ დღეს მაღაზიაშიც კი დავინახე,
მის კალათაში შაქრის დიდი ტომარა იდო.
ამის შესახებ არასდროს მითქვამს. შაქარს ვაძლევდი, მეორე დღეს კი ორცხობილებს ვიღებდი, თანაც დერეფანში ხუთწუთიან საუბარს. მიყვებოდა შვილიშვილზე, თავის ყვავილებზე, ახალგაზრდა წყვილზე, რომლებიც ერთი სართულით ქვემოთ გადმოვიდნენ.
– კარგია, როცა კარგი მეზობლები გყავს,
– თქვა ერთხელ.
– ეს გაძლევს იმის შეგრძნებას, რომ სადღაც საჭირო ხარ, იცით?
გასულ სამშაბათს მარტა არ მოსულა.
არც მომდევნო სამშაბათს.
მესამე კვირას კორპუსის წინ სასწრაფო დახმარების მანქანა დავინახე. მაშველები მის ბინიდან დახრილი თავებით გამოდიოდნენ.
მეორე სართულიდან ქალბატონმა კოვალსკიმ დამიდასტურა:
– მშვიდად წავიდა. ძილში. შვილიშვილი ამბობს, რომ არ უწვალია.
იმ ღამეს ვერ დავიძინე.
მუდამ ველოდი, რომ ვინმე დააკაკუნებდა, რომ მოვისმენდი იმავე ხმას, რომელიც ბოდიშს იხდიდა შეწუხებისთვის.
მეორე დილით ჩემს კარზე თეთრი კონვერტი ეკიდა. მასზე ჩემი სახელი ეწერა, აკანკალებული, მაგრამ საგულდაგულო ხელით.
აკანკალებული ხელებით გავხსენი.
შიგნით მხოლოდ ერთი ფურცელი იყო:
ძვირფასო მეზობელო, მადლობა, რომ მაგრძნობინეთ თავი საჭიროდ.
ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ დღეები ძალიან გაგრძელდა.
შვილები შორს ცხოვრობენ, შვილიშვილს თავისი ცხოვრება აქვს.
შევწყვიტე საჭმლის კეთება, რადგან...
რისთვის მომებზადებინა?
სახლიდან გასვლაც შევწყვიტე, რადგან...
სად უნდა წავსულიყავი?
შემდეგ კი თქვენ გამოჩნდით.
და აღმოვაჩინე, რომ თუ მაქვს მიზეზი, რომ ორცხობილა გამოვაცხო, თუ მაქვს საბაბი, რომ ვინმეს კარზე დავაკაკუნო, მაშინ დღეს ისევ აქვს აზრი. გთხოვთ, მაპატიოთ ეს პატარა ხრიკი შაქარზე. იმედი მაქვს, არ გეწყინათ. უბრალოდ მინდოდა მეგრძნო, რომ ვინმეს ვჭირდებოდი
– თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ ცოტა შაქარი მესესხა.
მადლობა ღიმილისთვის, მოთმინებისთვის
და იმ ხუთი წუთი საუბრისთვის,
რამაც მარტოობა ოდნავ შეამსუბუქა.
გულითადი მოკითხვით, მარტა.
წერილი დავკეცე და ჯიბეში ჩავიდე.
შემდეგ კუთხის პატარა მაღაზიაში წავედი შაქრის საყიდლად. დიდი შეკვრა ვიყიდე.
უკან დაბრუნებისას ქალბატონი კოვალსკის კართან დავაკაკუნე.
გაოცებულმა გამიღო.
– გამარჯობა,
– ვუთხარი მე
– ცოტა შაქარი ხომ არ გექნებათ შემთხვევით?
ახლახანს გამითავდა.
თვალები დაახამხამა, ოდნავ დაბნეულმა.
შემდეგ რაღაც დაინახა ჩემს მზერაში
და ნელა გაიღიმა.
– რა დამთხვევაა!
– მიპასუხა მან.
- მეც ახლა ვაპირებდი თქვენთვის მეკითხა. მაგრამ გთხოვთ, შემობრძანდით, ყავას გავაკეთებ.
შევედი.
და ხუთი წლის განმავლობაში პირველად
ნამდვილად მივხვდი, რას გულისხმობდა მარტა.
ზოგჯერ ადამიანებს შაქარი არ აკლიათ.
მათ მხოლოდ იმის განცდა აკლიათ, რომ ვიღაცას სჭირდებიან.
~ ავტორი უცნობია
თარგმანი: ი.ვაწაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4